საიტზე მიმდინარეობს სამუშაოები

რა არის სურსათის უვნებლობა?

რა არის სურსათის უვნებლობა? – კითხვა რომელზეც პასუხი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია და მიდგომები არასწორი.

სტატიაში გადავწყვიტე მოგაწოდოთ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის და მისი მიდგომების შესახებ

სურსათის უვნებლობა არის კონცეფცია,რომლის მიხედვითაც კონკრეტული სასურსათო პროდუქტი მისი მიზნობრივად მომზადების ან/და მოხმარების შემთხვევაში ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

სურსათის გადამამუშავებელი საწარმო

ეს არის სურსათის უვნებლობის კლასიკური განმარტება თუმცა მიდგომები ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ განმარტებასთან მცდარადაა აღქმული და მისი გააზრება საჭიროებს მეტ ცოდნას,გამოცდილებასა და მრავალფეროვან ხედვას.

მსოფლიოში ფაქტობრივად არ არსებობს ნულოვანი რისკის მატარებელი სურსათი. ყველა პროცესს და პროცედურას რასაც კი სასურსათო პროდუქტი მომხმარებლამდე და შემდეგ მომხმარებელთან გადის ახლავს თან თავისი საფრთხეები, რომელთა არიდებაში ან/და მინიმალიზაციაში გვეხმარება სურსათის უვნებლობის სხვადასხვა ღონისძიებები ,რომლებიც მთლიანობაში ქმნიან იმ კონცეფციას რასაც სურსათის უვნებლობას ვუწოდებთ.

მეცნიერების მიერ წლების განმავლობაში სხვადასხვა საფრთხეებთან დაკავშირებით დადგენილია ის ზღვრები რომლის გადაჭარბების და დაღვევის შემთხვევაში ზიანი მიადგება ადამიანის ჯანმრთელობას .

სურსათის საფრთხეების იდენტიფიცირება

სურსათის უვნებლობის ღონისძიებებს კი ეს დასაბუთებული ზღვრები დაყავს იმ მინიმუმამდე როდესაც საფრთხე მომხმარებელს ზიანს ვეღარ აყენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სურსათის უვნებლობის მიზანია რისკების მინიმუმამდე შემცირება – განულება თითქმის შეუძლებელია. აღნიშნულ მინიმუმებიც მეცნიერების მიერ არის დადგენილი და წლების განმავლობაში გამოკვლეული (რა თქმა უნდა გარემო პირობების ცვლილებების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ეს ზღვრები შეიძლება შეიცვალოს)

“უვნებელი სურსათი” ნიშნავს, რომ მასში პოტენციურად არსებული საფრთხეები მეცნიერულად დასაბუთებულ ზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს და უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე

სურსათის უვნებლობის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა სისტემები და სტანდარტები, რომლებიც შექმნილია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ყველაზე ეფექტური საშუალებები . ასეთი შეიძლება იყოს ISO Standarts,HACCP,Global GAP,BRC,GMP,GHP,GDP და ა.შ.

ნებისმიერი ღონისძიება იქნება ეს საერთაშორისო სტანდარტი,სისტემა თუ საკანონმდებლო რეგულაცია ყველა მათგანი მეცნიერულად დასაბუთებულია და წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას სურსათის რისკების შესამცირებლად და განიხილება როგორც სურსათის უვნებლობა

HACCP – საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა

სურსათის უვნებლობის და მისი სხვადასხვა ღონისძიებების მიდგომა სურსათში ბუნებრივად არსებული ან/და გარედან შეტანილი საფრთხეების მინიმალიზაციაა. აღნიშნულიდან გამომდინარე :

  • სურსათის უვნებლობის ღონისძიება იდენტური არასდროსაა
  • ნებისმიერი სტანდარტი და სისტემა ინდივიდუალურია თუნდაც ორი იდენტური სასურსათო პროდუქტის წარმოებას ვეხებოდეთ
  • დაივიწყეთ შაბლონები,შექმენით ეფექტური ღონისძიებები და დაასაბუთეთ რომ ღონისძიებები შედეგზეა ორიენტირებული
  • ნებისმიერი შემუშავებული და გატარებული ღონისძიება რისკის ადეკვატური უნდა იყოს
  • დააფუძნეთ თქვენი სურსათის უვნებლობა თქვენს გარშემო არსებულ და პოტენციურ საფრთხეებზე და რისკებზე

სურსათის უვნებლობის ღონისძიებების მაგალითია : მაცივარში შენახვა,საყინულეში შენახვა, დეზინფექცია, ჰიგიენა, სანიტარია, პირადი ჰიგიენა, წარმოების დაგეგმარება,სურსათის ტემპერატურული დამუშავება,ქცევის წესები,საწყობში შენახვა და ბევრი სხვა ,რომელიც უზრუნველყოფს რისკების მინიმუმამდე შემცირებას და საფრთხეების აღმოფხვრას.

შემდეგ სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის საფრთხეებზე რომელიც სასურსათო პროდუქტს შეიძლება შეექმნას .

მიხეილ ბეღელაძე
სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯერი , Food Business Consultant